არავის ვაპატიებ ეკლესიაზე შეხებას – მეუფე იაკობი

2

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ტელევიზიების მიერ ეკლესიის კრიტიკული გაშუქებით და მათი ქონებების შესახებ სიუჟეტების მომზადებით უკმაყოფილიოა და მედიის ხელმძღვანელებს ემუქრება. თუმცა, კონკრეტული არხები არ დაუსახელებია.

“აბა შეხედეთ როგორი ბრძოლაა ეკლესიის მისამართით. ხან იმას გამოჩხრიკავენ, ვითომ ქონება… მაგათ მაგი აინტერესებთ? აქ არის უშუალოდ ეკლესიის დამხობა უნდათ, იმიტომ რომ შეკვეთა აქვთ ჩვენი მტერებისგან, რომ ინდენტობის მატარებელი აღარ დაგვრჩეს. თუ რამე ტერიტორია დაკარგული გვაქვს, ეკლესიას იურისდიქცია გაგვაჩნია, სახელმწიფოს არ გააჩნია”, – ამბობს მეუფე იაკობი.

მისი თქმით, იცის ვინ არიან ტელევიზიის ხელმძღვანელები და ვინ აფინანსებთ მათ.

“დადგება დრო, ჩემი ერის დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, არც ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას და ხომ იცით ახლა, ბოლო-ბოლო ვინ დგას მაგათ უკან? ეს გამიჭირდება, სადმე შევხვდე მაგათ? მე რა უნდა მითხრან და როგორი ხასიათით გამოვლენ მერე, ჩანაწერსაც გავაკეთებ, რას ილაპარაკებენ და მერე ნახონ მაგათმა. ასე არ შეიძლება და ჩვენმა მღვდელმთავრებმაც ხმა უნდა ამოიღონ, რა, არ შეიძლება, გამოვდიოდე და მე ვამბობდე სულ რაღაცას, უნდა ამოიღონ ხმა”. – თქვა მან ბოდბეში საკვირაო ქადაგებისას.

ეპისკოპოსის თქმით, მზადაა, მედიის ხელმძღვანელებს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეხვდეს.

“კამპანიაა ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი წელია. ვინმე უვარგისი თუ გვყავს ეკლესიაში, ყველას იცავენ და ცოტა ხანში ღმერთის გინებას დაიწყებენ, შორს არ არიან. მაგათ ტელევიზიის შეფებს თუ უნდათ, შევხვდები, სადაც უნდა, რომელ ტერიტორიაზეც უნდათ და იქიდან გამარჯვებული წამოვალ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.