5-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 365,7 ლარი გახდა

11

2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3,1 ლარით შემცირდა და 183.5 ლარით განისაზღვრა. 313 ლარიდან 307,9 ლარამდე შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც.

საქსტატის მონაცემებით 2020 წლის ივლისში 365,7 ლარით განისაზღვრა 5-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, ეს კი 6,2 ლარით ნაკლებია ივნისთან შედარებით. 2019 წლის ივლისში კი 5-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 373 ლარი იყო.

ცნობისათვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. მინიმალური სასურსათო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.