დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ

11

ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, აგვისტო, ბოლო წლების განმავლობაში, მძიმე თვეა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალკაში განაცხადა, სადაც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნული გმირის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„ეს მიწა უაღრესად მშრომელი ხალხის მიწაა და რაც მთავარია, ის მრავალეროვნება რაც წალკას ახასიათებს ჩვენი სიძლიერის ყველაზე დიდი მაგალითია. ჩვენს მრავალფეროვნებაში ყოველთვის იყო საქართველოს სიძლიერე და ყოველთვის ასე იქნება. ეს ის ხალხია, რომელმაც შრომაც მაგარი იცის და ბრძოლაც. დღეს ჩვენ ყველამ ერთად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წინაშე. დღეს მისი დაბადების დღეა. ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აჩვენა გმირობის, თავდადების და თავგანწირვის უმაღლესი ხარისხი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მომავალში თავგანწირვა არცერთ ქართველს აღარ უნდა დასჭირდეს.

„ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა, რომ თავგანწირვა არცერთ ქართველს მომავალში არ დასჭირდეს და ჩვენ ისე აღვადგინოთ და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომ მხოლოდ შრომა მოგვიწიოს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.