ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზამ თურქმენული ტვირთი გაატარა

9

თურქმენეთში წარმოებული პროპილენის მორიგი პარტია მიეწოდა თურქეთს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით.

აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, პროპილენით დატვირთული 40 კონტეინერისგან შემდგარი ბლოკ–მატარებლის ოპერირებას ახორციელებენ აზერბაიჯანული ADY Container, ქართული GR Logistics და თურქული Pasific Eurasia Logistics.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს მესამე ბლოკ–მატარებელია, რომლებითაც თურქმენეთიდან თურქეთში პროპილენი გადაიტვირთა. სხვა მატარებლებიც 40 კონტეინერისგან შედგებოდა.

პროპილენი ორგანული ნაერთია, რომელიც წარმოიქმნება ნავთობის, ქვანახშირის და ზოგი სხვა ნივთიერების მშრალი გამოხდით. აღნიშნულ ნაერთს ქიმიურ მრეწველობაში იყენებენ.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბაქოში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. მაგისტრალი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 6,5 მლნ ტ ტვირთსა და 1 მლნ მგზავრს შეადგენს.